რა უნდა იცოდეთ კბილის ამოღების (ექსტრაქციის) შემდეგ – პაციენტის გზამკვლევი

16.04.2025

კბილის ამოღება – ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პროცედურა ითვლება ქირურგიულ ჩარევად და მისი სწორად მართვა კვალიფიციური სპეციალისტის დახმარებასთან ერთად, აუცილებელია წარმატებული შეხორცებისთვის. კბილის ამოღების შემდეგ ბევრი პაციენტი ფიქრობს, რომ პროცედურა დასრულებულია, თუმცა ჭრილობის მოვლა არანაკლებ მნიშვნელოვანია, რათა არ განვითარდეს გართულებები, როგორიცაა ინფექცია ან შეხორცების შეფერხება. ამ სტატიაში გაგიზიარებთ სტომატოლოგის რჩევებს, რომელთა დაცვა მნიშვნელოვნად გაგიადვილებთ სარეაბილიტაციო პერიოდს.

რა ხდება კბილის ამოღების შემდეგ?
კბილის ექსტრაქციის შემდეგ ღრძილში რჩება ცარიელი სივრცე (ე.წ. ბუდე), რომელიც ივსება შედედებული სისხლის კოლტით. ეს ბუნებრივი “დახურვა” იცავს ღრმულს მიკრობებისგან და ხელს უწყობს ქსოვილის რეგენერაციას. სწორედ ამის დაუბინძურებლად შენარჩუნება და დაცვაა პოსტოპერაციული მოვლის მთავარი მიზანი.

რას უნდა მიაქციოთ ყურადღება კბილის ამოღების შემდეგ?

1.პირველი 24 საათი – გადამწყვეტი ფაზაა, არ გამოიყენოთ სავლები საშუალებები(წყალი) ინტენსიურად –ეს შეიძლება გახდეს სისხლის კოლტის ნაადრევად მოცილების მიზეზი; არ შეეხოთ ჭრილობას ენით, თითით ან რაიმე საგნით; მოერიდეთ ცხელსა და ცხარე საკვებს – უკეთესია რბილი, ოთახის ტემპერატურის საკვები; დაისვენეთ, თავი ოდნავ აწეულ მდგომარეობაში (დალაგებული ბალიშებით), რათა შეამციროთ სისხლდენის და შეშუპების რისკი; თუ ექიმმა გირჩიათ – გამოიყენეთ ყინული პირველი 24 საათის განმავლობაში (10-15 წუთი პირსახოცში გახვეული, ყოველ საათში ერთხელ).

2.მინიმუმ 72 საათით თავი შეიკავეთ მოწევისგან – ნიკოტინი აფერხებს შეხორცებას, შესაძლოა ჩამოვარდეს სისხლის კოლტი რაც ზრდის ე.წ მშრალი ღრუს განვითარების შანსს; არ გამოიყენოთ ჩხირი სასმელისთვის – პირის ღრუში წნევის ცვლილება იმავეს იწვევს.

3. კბილის ამოღების დღეს კბილები უხეშად არ გაიხეხოთ ჭრილობის არეში, მეორე დღიდან შეგიძლიათ ნაზად გაიხეხოთ, მაგრამ ჭრილობას არ მიუახლოვდეთ; საჭიროების შემთხვევაში ექიმი დაგინიშნავთ ანტისეპტიკურ სავლებს.

4. მიირთვით რბილი საკვები: ბანანი, იოგურტი, პიურე, სუპები; მიაქციეთ ყურადღება წყლის მიღებას, მაგრამ ნუ დალევთ ცივ წყალს დიდი ყლუპებით;არ დაიღეჭოთ ჭრილობის მხარეს, მინიმუმ რამდენიმე დღით.

როდის მივმართოთ ექიმს დაუყოვნებლივ? თუ შეამჩნიეთ რომელიმე შემდეგი სიმპტომი: 

  • ძლიერი ტკივილი, რომელიც არ იკლებს 48 საათის შემდეგ
  • ყბა-სახის შეშუპება ან ჩირქოვანი გამონადენი
  • მაღალი ტემპერატურა 
  • ​​​​​​​უსიამოვნო სუნი პირიდან 
  • უწყვეტი ​​​​​​​სისხლდენა პროცედურიდან რამდენიმე საათის შემდეგ.


    ​​​​​​​ კბილის ამოღება მხოლოდ პროცედურის დასასრული კი არა, ერთგვარი დასაწყისიცაა – სხეულის თვითმკურნალობის პროცესის. თქვენი სიფრთხილე და ექიმის რეკომენდაციების დაცვა განაპირობებს, რომ ეს პერიოდი იყოს რაც შეიძლება კომფორტული და უსაფრთხო. თუ გაქვთ კითხვები ან ხართ კბილის ამოღების წინ/შემდგომ ეტაპზე – ჩვენი კლინიკის პროფესიონალი გუნდი მზად არის, დაგეხმაროთ და მოგცეთ ინდივიდუალური რჩევები
რა უნდა იცოდეთ კბილის ამოღების (ექსტრაქციის) შემდეგ – პაციენტის გზამკვლევი

ბოლო ბლოგები