ორსულობა და ანესთეზია

01.06.2023

ორსულობა განსაკუთრებული პერიოდია ქალის ცხოვრებაში.ჰორმონალური ცვლილებების ფონზე,მნიშვნელოვანია განსაკუთრებული ყურადღება მივაქციოთ როგორც პირის ღრუს,ისე ზოგად ჯანმრთელობას.წარსულში,არსებობდა მოსაზრება,რომ ორსულ ქალს კბილების მკურნალობა გაურკვეველი ვადით უნდა გადაედო,რადგან ანესთეზია,სხვა სედაციური საშუალებები თუ მედიკამენტები,ცუდად იმოქმედებდა ნაყოფზე,ხოლო ორსული იძულებული იყო მოეთმინა ტკივილი.

საბედნიეროდ,დღეს მსგავსი მიდგომა აღარ არსებობს.პირველ რიგში გეტყვით, რომ ორსულებისთვის არა მხოლოდ უსაფრთხოა სტომატოლოგთან მისვლა,არამედ აუცილებელია როგორც დედის,ისე ბავშვის ჯანმრთელობის უზრუნველსაყოფად.

გასათვალისწინებელია, მხოლოდ ერთი ფაქტორი,რომ სტომატოლოგმა იცოდეს ორსულობისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის ნებისმიერი ცვლილების შესახებ,რათა შეარჩიოს ინდივიდუალური მიდგომა და მიიღოს შესაბამისი უსაფრთხოების ზომები.ამ დროს ყველა პრეპარატის გამოყენებას,განსაკუთრებული პასუხისმგებლობით უნდა მოვეკიდოთ. ყურადღება უნდა გავამახვილოთ რამდენიმე საკითხზე: პირველ რიგში მედიკამენტებსა და ანესთეზიურ საშუალებებზე,რათა სტომატოლოგმა სწორად შეარჩიოს ან თავიდან აიცილოს კონკრეტული მედიკამენტებისა და ანესთეზიური საშუალებების გამოყენება.

რენტგენი და დასხივება: მიუხედავად იმისა, რომ სტომატოლოგიური რენტგენი დაბალი გამოსხივებით ხასიათდება, უმჯობესია მინიმუმამდე დაიყვანოთ არასაჭირო დასხივება, განსაკუთრებით პირველ ტრიმესტრში. სტომატოლოგი პროცედურის დროს გამოიყენებს ტყვიის შემცველ წინსაფარს და ფარისებრი ჯირკვლის საყელოს.

მთავარი კითხვაა :შეიძლება თუ არა კბილების მკურნალობა ორსულობის დროს ანესთეზიით?

სტომატოლოგთან ვიზიტი რეკომენდირებულია ორსულობის დაგეგმარების პერიოდში,თუმცა ამ პერიოდში აღმოფხვრილი ყველა სტომატოლოგიური პრობლემა არ გამორიცხავს პირის ღრუს დაავადების განვითარებას ორსულობის ნებისმიერ ვადაზე.როგორც უკვე ვახსენეთ, ორსულობის პერიოდში ორგანიზმში მიმდინარეობს მნიშვნელოვანი ჰორმონალური ცვლილებები.იცვლება ნერწყვის შემადგენლობაც კი და წარმოიშობა კალციუმის დეფიციტი, ამიტომ ორსულობის დროს ხშირად მწვავდება კბილების და ღრძილების პრობლემები,რომლებმაც შეიძლება მიგვიყვანოს ისეთ პრობლემებთან როგორიცაა პულპიტი და პერიოდონტიტი. ამ დაავადებების უგულებელყოფა შეუძლებელია,რადგან მათი გართულება ვნებს როგორც დედას, ასევე ნაყოფს.
კბილების მკურნალობა ანესთეზიით ორსულობის პერიოდში სრულიად შესაძლებელია.მთავარია სწორად იქნას პრეპარატი შერჩეული. აუცილებელია ვიცოდეთ,რომ მწვავე ტკივილის მოთმენა ორსულობის დროს,შესაბამისად უანესთეზიოდ მკურნალობა დაუშვებელია,რადგან ამან,მომავალი დედა შეიძლება ტკივილისგან გამოწვეულ შოკში ჩააგდოს.

გასათვალისწინებელია ორი მნიშვნელოვანი ასპექტი: ორსულობის დაგეგმარების ეტაპზე ჩატარდეს პირის ღრუს სანაცია,ხოლო თუ ეს ვერ მოხერხდა ,ორსულობის პერიოდში ეწვიოთ გამოცდილ სტომატოლოგს და ყველა პრობლემა უმტკივნეულოდ მოაგვაროთ.შესაბამისად,მცდარია შეხედულება,რომ ორსულმა დროებით უნდა დაივიწყოს სტომატოლოგთან ვიზიტები,პირიქით,რეგულარულ ვიზიტებს შეუძლია თავიდან აგაცილოთ პოტენციური სტომატოლოგიური პრობლემები.

ორსულობა და ანესთეზია

ბოლო ბლოგები